საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკანონო ტყვეობაში მყოფი მურა დათვები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში გამომწყვდეულები. დათვების უმრავლესობა გასართობად ჰყავდათ დატყვევებული — ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში. ეს დათვები მცირე ასაკიდან ჰყავდათ დატყვევებულები, რის გამოც მათ ცხოველური ინსტიქტები დაკარგული ჰქონდათ. ტყვეობაში გაზრდილი ზრდასრული დათვების რეაბილიტაცია და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. დათვების დახოცვა და მათი ბელების დატყვევება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება. ბრაკონიერობამ ეს სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა და მას მთელ მსოფლიოში კანონმდებლობა იცავს როგორც მცირე რიცხოვან და უნიკალურ ცხოველს. ოცდაათამდე ქვეყანაში არსებობს დათვების თავშესაფარი, სადაც მძიმე ტყვეობიდან დახსნილ დათვებს ათავსებენ შესაფერის პირობებში, ზრუნავენ მათ რეაბილიტაციაზე და ბუნებაში აღდგენაზე. საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი გარეული ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია „ზოოლოგიური ცენტრი“. ცენტრი მოეწყო თბილისის ეროვნულ პარკში 2 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც მოთავსებულები არიან ის გარეული ცხოველები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ლოკაციებზე მძიმე პირობებში ჰყავდათ მოთავსებულები. ზოოლოგიურ ცენტრში სტანდარტებით გათვალისწინებულ ვოლიერებში ბინადრობენ დათვები, მგლები და მელიები.